ინფორმაცია კანბერის ეროვნულ მულტიკულტურულ ფესტივალში საქართველოს საელჩოს მონაწილეობის შესახებ
2025 წლის 8 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. კანბერაში გამართულ „ეროვნულ მულტიკულტურულ ფესტივალში“ (National Multicultural Festival). კერძოდ, კანბერის ცენტრში საელჩომ უზრუნველყო საქართველოს შესახებ საგამოფენო სივრცის მოწყობა, საინფორმაციო მასალების, საქართველოსთან დაკავშირებული ფილმების ჩვენების და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა წარმოდგენილ 170-მდე სახელმწიფოს და კულტურულ თემს შორის, გაცნობოდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულ შესაძლებლობებს, ფოლკლორს, უნიკალურ დამწერლობას და ღვინის წარმოების ტრადიციებს. ფესტივალის მსვლელობისას, საელჩოს თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა უპასუხეს საქართველოს საგამოფენო სივრცის მრავალრიცხოვან სტუმართა შეკითხვებს საქართველოს, მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კანბერაში ეროვნული მულტიკულტურული ფესტივალი 1980 წლიდან იმართება ყოველწლიურად, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერის ხელისუფლლების ეგიდით. ფესტივალის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცნობადობის ამაღლება ავსტრალიელებს შორის.