მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო,
მოგესალმებით ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მოხარული ვარ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალური კულტურის მქონე ქართველ ერს წარმოვადგენდე მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიული და მულტი-კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში - ავსტრალიის თანამეგობრობაში, ასევე, ახალ ზელანდიაში და წყნარი ოკეანის რეგიონის ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფიჯი, სამოა, ტონგა, ვანუატუ, ტუვალუ, კირიბატი, პაპუა ახალი გვინეა და სოლომონის კუნძულები.
საქართველოს ურთიერთობები ავსტრალიასთან, ასევე, ჩვენი დიპლომატიური გადაფარვის სხვა ქვეყნებთან ეფუძნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ამ პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისათვის დადებით პერსპექტივებს განაპირობებს თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვის საერთო ამოცანები.
საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს, ხოლო საქართველოს საელჩო კანბერაში 2011 წლიდან ამოქმედდა. ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორისთვის, მისი აღმატებულება დევიდ ჰარლისთვის 2023 წლის 8 თებერვალს რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, შესაძლებლობა მომეცა წვლილი შევიტანო ავსტრალიასთან და დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში იმ სოლიდური ფუნდამენტის საფუძველზე, რომელიც შეიქმნა ჩემი წინამორბედების, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს პირველი ელჩის ვლადიმერ კონსტანტინიდის (2012-2017) და საქართველოს მეორე ელჩის ბატონ გიორგი დოლიძის (2017-2022) ძალისხმევის შედეგად.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს. ამავე დროს, ჩვენთვის უაღრესად აქტუალურია მსოფლიოს სხვა რეგიონების სახელმწიფოებთან ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ამ კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ავსტრალიასთან და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.
იმედი გვაქვს, რომ ეს ვებ-გვერდი საინტერესო და სასარგებლო ინტერნეტ რესურსი იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს ინფორმაციის მიღება საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის, ასევე, საქართველოს ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალფეროვანი თემატიკის შესახებ. აქვე, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტუმართმოყვარე ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო ცნობები, მათ შორის, ინფორმაცია სავიზო და სხვა საკონსულო საკითხებზე. მოხარული ვიქნებით, ასევე, თუ ჩვენი საელჩოს საქმიანობას მიადევნებთ თვალს სოციალურ ქსელებშიც (https://www.facebook.com/GeorgiainAustralia ; Twitter: @GeoEmbCanberra )
მსურს უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში და წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენი დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში მყოფი მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ და აღვუთქვა ყველა შესაძლო მხარდაჭერა. გამოვთქვამ მათთან მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შესაძლო მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან და ხალხებთან საქართველოს და ქართველების მეგობრული და საქმიანი კავშირების განვითარებაში.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. შევეცდებით უმოკლეს ვადაში ვუპასუხოთ თქვენს მომართვებს და შეკითხვებს. მადლიერი ვიქნებით, ასევე, ყველა ისეთი რეკომენდაციისა და კომენტარისთვის, რომელიც საელჩოს საქმიანობის სრულყოფას და საქართველოს უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით,
ბექა დვალი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
კანბერა, 2023 წლის 8 თებერვალი