საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქ. კანბერაში
2023 წლის 26 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ავსტრალიის დედაქალაქ კანბერის განთქმულ „თანამეგობრობის კლუბში“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების შორის იყვნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, მათ შორის, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თანამემამულეები.
ღონისძიებაზე მისალოცი სადღეგრძელოები წარმოთქვეს საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, იენ მაკკონვილმა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც საქართველოსათვის 26 მაისის მნიშვნელობაზე, მსოფლიოში არსებულ გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში ელჩმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე. ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და ავსტრალიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და საერთო ღირებულებები, ასევე, დააფიქსირა მთლიანად წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების ინტერესი.
ღონისძიებაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ჭაჭა და ქართული კერძები. ღონისძიების დასასრულს ავსტრალიაში მოქმედმა ქართულმა ექსპორტიორმა კომპანია „თამადამ“ სტუმრები ქართული ნობათით დაასაჩუქრა.