Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია კანბერაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების თაობაზე

2023 წლის 21 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა მიღებას ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და ბიზნეს წრეები, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.

 

ავსტრალის თანამეგობრობაში დადგენილი ტრადიციის შესაბამისად, საქართველო ადღეგრძელა ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის ხელმძღვანელმა არტურ სპიროუმ, ხოლო საქართველოს ელჩმა სტუმრებს შესთავაზა მეფის და ავსტრალიის ხალხის სადღეგრძელო. გაჟღერდა საქართველოს და ავსტრალიის ეროვნული ჰიმნები.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციაზე და დევნილების პრობლემებზე. ელჩმა მიმოიხილა საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის მიმართულებები წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში.

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანბერაში დაფუძნებულმა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა მუსიკალურმა გუნდმა “Worldly Goods” შეასრულა ორი უძველესი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა: "მრავალჟამიერი" და "შენ ხარ ვენახი".

 

საღამოს მსვლელობისას, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მელბურნში მოღვაწე ქართველი მულტიდისციპლინარული მხატვრის ქალბატონ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრები. ხელოვანი ნინო ბოსიკაშვილი დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორთა შორის, ავსტრალიური CapsulesBook Pictoria-ს მიერ და  მიღებული აქვს  მონაწილეობა 30-ზე მეტ გამოფენაში, რომელმაც თავისი უნიკალური მხატვრული ხედვით, მოხიბლა საზოგადოება.

 

საღამოს მსვლელობისას, გალერეაში არსებულ დიდ ეკრანზე განხორციელდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „ვინივერიის“ და „პავილიონ ვაინსის“ მიერ წარმოებული ქართული ღვინო და „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ჭაჭა.

 

სიდნეიში მოქმედი კომპანია „თამადის“ (www.tamada.com.au) სპონსორობით, საქართველოს საელჩომ სტუმრებს გადასცა საქართველოში წარმოებული პროდუქტების სასაჩუქრე ყუთები.