ინფორმაცია საქართველოს ელჩის ქ. დანიდინში ვიზიტისა და ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დანიდინში გამართულ საქართველოსა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასწრების შესახებ
2025 წლის 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ახალი ზელანდიის ქ. დანიდინში მიმდინარეობს 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი II დივიზიონის “ბ” ჯგუფში (https://www.iihf.com/en/events/2025/wmiib), რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები.
ჩემპიონატის ფარგლებში, 2025 წლის 28 აპრილს, გაიმართა საქართველოს და ახალი ზელანდიის ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი, რომელსაც საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი (რეზიდენციით ქ. კანბერა, ავსტრალია). მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით (5:0) დასრულდა, საქართველოს ელჩმა, ახალი ზელანდიის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტთან ენდი მილსთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიაში.