ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული მიღების შესახებ
2026 წლის 26 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ ქ. კანბერაში უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის, ასევე, ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, საზეიმო მიმართვაში ისაუბრა 26 მაისის მნიშვნელობაზე, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, თანამედროვე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე ავსტრალიასთან და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან. ასევე, ხაზი გაესვა, რომ წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს და ავსტრალიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა ავსტრალიელმა მუსიკოსმა და მომღერალმა, ჯეიდ მაკფაულმა, ავსტრალიის ეროვნული კარილიონზე კანბერას მუსიკალური ანსამბლის დირექტორის დოქტორ თომას პიტერ ლაუს აკომპანიმენტით.
საღამოს მსვლელობისას, დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. კანბერაში მდებარე ავსტრალიის ეროვნული კარილიონი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა, ხოლო 2026 წლის 24 მაისს და 27 მაისს ავსტრალიის ეროვნული კარილიონის პროგრამაში შეტანილ იქნა საქართველოს ეროვნული ჰიმნი და ქართული მელოდიები.
