წლის 12 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან.
შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.
მხარეებმა შეაფასეს 36-ე რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.
ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს გააცნო ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განლაგებულ სამხედრო ბაზებზე რუსეთის ფედერაციის მიერ ფართომასშტაბიანი წვრთნების - „კავკასია 2016“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით და თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რუსეთის ფედერაციასთან პრინციპულად დააყენონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისა და მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი. დღის წესრიგში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის უპირობო დაკავების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა სერიოზულად აფერხებს დიალოგს და პროგრესის მიღწევას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. აგრეთვე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავთულხლართებისა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა, საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება და უკანონო დაკავებების გაგრძელება უხეშად ლახავს ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. ახალი სასწავლო წლის დაწყების კონტექსტში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა 2015 წელს მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ გალის რაიონის სკოლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციული რეგულაციების ამოქმედების მიუღებლობას და ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს სთხოვა სათანადო ზომების მიღება.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობის შესახებ და დაადასტურა პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობის მზადყოფნა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 37-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 5-6 ოქტომბერს.