საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ქ. მელბურნში

2022 წლის 16 ივნისს ავსტრალიის  ქალაქ მელბურნში, საქართველოს საელჩოსა და ავსტრალიის ვიქტორიის შტატში საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ მაკმალენის ორგანიზებით,  საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს შესახებ სიტყვით წარსდგა ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე. გამოსვლისას გიორგი დოლიძემ ისაუბრა ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ და ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ავსტრალიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა, მელბურნში აკრედიტებული საკონსულო კორპუსის დუაიენმა და მელბურნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საკონსულო კორპუსის, საქმიანი წრეების, ხელოვნების წარმომადგენლები და ქართველი თანამემამულეები. სტუმრებს  საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ხოლო ღონისძიება საზეიმოდ დააგვირგვინა მელბურნის ქართული გუნდის მიერ შესრულებულმა ქართულმა ფოლკლორულმა სიმღერებმა.