საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრები ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 16 ივლისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის მრავალფეროვნების, ჩართულობისა და ეთნიკურ საკითხთა მინისტრთან, პრიანკა რადჰაკრიშნანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ახალ ზელანდიაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებაში მათი ჩართულობის მიმართულებით არსებული პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქართული თემის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე. მინისტის განცხადებით, მისი პორტფელი 2021 წლის ივლისში შეიქმნა და სწორედ მსგავს თემებზე მუშაობას ითვალისწინებს. პრიანკა რადჰაკრიშნანმა ხაზი გაუსვა ოკლენდში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას და საპატიო კონსულს მის ოფისთან აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

15 ივლისს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის კულტურის სამინისტროს ხელოვნების (Creative New Zealand) განყოფილების საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან, ქალბატონ ჯუდ ჩემბერსთან. შეხვედრაზე ელჩი გაეცნო კულტურის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამებსა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე ღონისძიებებს. ჯუდ ჩემბერსის  მიერ გაზიარებული ინფორმაციით, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სწორედ ხელოვნების მუშაკები აღმოჩნდნენ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში არ დახურულა მუზეუმები და თეატრები, ხელოვანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა თუ პლატფორმებზე. ჯუდ ჩემბერსმა აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის გადმოსახედიდან ხელოვნების მომავალი კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ციფრული პლატფორმაა. ისინი აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულების განსავითარებლად და მოხარული იქნებიან საქართველოსთან თანამშრომლობით. 

16 ივლისს, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო რადიო Humm FM-ის დილის გადაცემაში. მან ისაუბრა საქართველოს ისტორიული წარსულისა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან ასპექტებზე, მის მიღწევებზე,  ქვეყანაში არსებულ ბიზნეს, საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე. გიორგი დოლიძემ, ასევე, ისაუბრა ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე და მის სამომავლო გეგმებზე.