2021 წლის 14 ივლისს, ახალი ზელანდიის ქ. ოკლენდში, საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ქ. ოკლენდის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე, ადგილობრივი ბიზნეს და სპორტული წრეების წარმომადგენლები და ახალ ზელანდიაში მცხოვრები თანამემამულეები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსული, ჯაგჯიტ სინგჰი წარადგინა. ელჩმა, თავის გამოსვლაში, ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის და მათი გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანას ემსახურება.
ახალ ზელანდიაში ახლადდანიშნულმა საქართველოს საპატიო კონსულმა, გამოსვლაში საპატიო საკონსულოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს გაწეული ნდობისათვის. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯენი სალესამ. პარლამენტარმა ხაზი გაუსვა ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას. მისი თქმით, ახალი ზელანდია, ამჟამად, აქტიურად მუშაობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირებაზე და საპატიო საკონსულოს გახსნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთან შესაბამისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
ჯაგჯიტ სინგჰი წარმატებული ახალზელანდიელი ბიზნესმენია, რომელიც პატივისცემითა და ვრცელი კავშირებით სარგებლობს. ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი კულტურულ-ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ტურისტული და ბიზნეს თანამშრომლობის განვითარებას.