საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის საჯარო გამოსვლა ქ. ოკლენდში გამართულ მსოფლიო ურთიერთობების ფორუმზე

2021 წლის 12-18 ივლისს, საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ახალ ზელანდიაში. ვიზიტის ფარგლებში, 12 ივლისს, ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NZIA) ოკლენდის ოფისისა და მსოფლიო ურთიერთობების ფორუმის (World Affairs Forum) მოწვევით, ოკლენდის უნივერსიტეტში საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი აკადემიური წრეების, ქ. ოკლენდში აკრედიტირებული საკონსულო კორპუსის წარმომადგენლები  და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გამოსვლაში, გიორგი დოლიძემ მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევები და მის წინაშე მდგომი გამოწვევები. საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და  საოკუპაციო რეჟიმების არაკანონიერ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ელჩმა ისაუბარა, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. საუბარი, ასევე, შეეხო ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და ახალ ზელანდიაში ახლადდანიშნული საქართველოს საპატიო კონსულის მეშვეობით მათი გაღრმავების პერსპექტივებს.

მოხსენების შემდეგ, ლექციამ კითხვა-პასუხი რეჟიმში გადაინაცვლა, რომელიც დამსწრე საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურად წარიმართა და რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო ახალზელანდიელების დიდი ინტერესი საქართველოსა და ზოგადად რეგიონის მიმართ.