საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"ჩვენი მიზანი და ამბიციაა, შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ სახელმწიფოებრივი ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების”-დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელსაც უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.
 
„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და, დაყოფისა და დაქსაქსვის ნაცვლად, ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.  წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში, ერთობლივად შევიმუშაოთ სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
  
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  იმ ფონზე, როდესაც  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად მძიმდება ვითარება დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯებისა და მუდმივი პროვოკაციების ფონზე, ცხადია, საქართველოს  პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანი და ქმედითი უნდა იყოს ახალი გამოწვევების პირისპირ.  ზალკალიანის განმარტებით, უნდა შეიქმნას განახლებული, კომპლექსური და ინკლუზიური სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შედეგიან ქმედებებს განსაზღვრავს ყველა სტრატეგიული მიმართულებით, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დევნილთა დაბრუნება, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის ღირსეული მომავლისა და განვითარების საუკეთესო პერსპექტივის უზრუნველყოფა, როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ისე შამგონასა და ხურვალეთში.
 
„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ძალიან მალე ვიცხოვროთ საქართველოში, საოკუპაციო ძალებისა და გამყოფი ხაზების გარეშე.  სწორედ ამის მოლოდინი არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. ჩვენი ერთიანობა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული ჩართულობით, აქტიურ მოქმედებაში მოვიყვანოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების პროცესი.“-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.