საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2021 წლის 26 მაისს, ქ. კანბერის „თანამეგობრობის კლუბში“, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და თანამემამულეები.

ღონისძიებაზე მისალოცი სადღეგრძელოები წარმოთქვეს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, იენ მაკკონვილმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა გიორგი დოლიძემ, რომელმაც ისაუბრა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე და 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ განვლილ გზასა და მიღწევებზე. გამოსვლაში, ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე. გიორგი დოლიძემ საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა და მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს  გამორჩეული მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.

ღონისძიება  ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ხალხური  სიმღერები ქ. კანბერის ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა გუნდმა - “Worldly Goods” შეასრულა.

საზეიმო მიღებაზე, სტუმრებს, ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.