2020 წლის 4-9 მარტს, სამხრეთ ავსტრალიის შტატში (ქ. ადელაიდა) საქართველოს ელჩის, გიორგი დოლიძის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის გუბერნატორის მოადგილესთან, ბრენდა უილსონთან და შტატის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან, ვინსენტ ტარზიასთან და ტერი სტივენსთან. ამასთან, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მათ შორის: ვაჭრობისა და ინვესტიციების მინისტრთან, დეივიდ რიჯვეისთან, ენერგეტიკისა და სამთო მომპოვებელი მრეწველობის მინისტრთან, დენ ვან ჰოლსტ პელეკაანთან და მრავალმხრივი კულტურული ურთიერთობების საკითხებში მინისტრის მოადგილესთან, ჯინგ ლისთან. ასევე, გაიმართა შეხვედრა ქ. ადელაიდას უნივერსიტეტში, რომლის დროსაც, საქართველოს ელჩს, ხსენებული უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში მიმდინარე პროექტები და კერძოდ, მეღვინეობის დარგში მეცნიერული მიღწევები გააცნეს.
ქ. ადელაიდაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ავსტრალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან, მარტინ ჰეისისთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ ავსტრალიის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.
ელჩმა, ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე. ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების განმტკიცების სურვილი.
ვიზიტის დროს, საქართველოს ელჩი შეხვედრას გამართავს ქ. ადელაიდაში მცხოვრებ თანამემამულეებთან, მოინახულებს სამხრეთ ავსტრალიის შტატში არსებული მეღვინეობებს, რომლებიც ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის ღვინოს აწარმოებენ და დაესწრება ქ. ადელაიდაში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის ‘WOMAD’-ის ფარგლებში ქართული ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ კონცერტს.