საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრმა „ელჩების კონფერენცია-2019“ გახსნა

მისასალმებელ სიტყვაში ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას.

„დღეს, ამ ტრიბუნიდან, მოგმართავთ როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისტორიაში პირველად, საქართველო ხელმძღვანელობს ესოდენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც განსაკუთრებულ  პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. საქართველო იზიარებს და იცავს ძირითად ევროპულ ღირებულებებს,  რომლებმაც განსაზღვრა კიდეც საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები; ესენია -  ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით“- განაცხადა მინისტრმა. 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საკითხის  საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი დონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ  საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს უპრეცედენტო განცხადებები კეთდება და უმნიშვნელოვანესი ხასიათის დოკუმენტები მიიღება ყველა  ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებში. 

„მიმდინარე წელს, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულმა ქმედებებმა, განსაკუთრებით წლის მოერე ნახევარში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ურთულესი უსაფრთხოების გარემო, რომელშიც ვიმყოფებით. შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად და თანმიმდევრულად მივყვეთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ამ პოლიტიკას აქვს პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი მხარდაჭერა. ამგვარი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია აგრეთვე, რომ საქართველოს საკითხი აქტუალური რჩება ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა პარტნიორების დღის წესრიგში, მათ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან“ - განაცხადა მინისტრმა.

გამოსვლაში მინისტრი შეეხო სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მხარდაჭერის საკითხს, რაც აისახა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ დეკლარაციაში; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთსულოვნად დამტკიცებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტში და საბიუჯეტო კანონში, რაც ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შეწყვეტას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მოახდენენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარებას.

მინისტრმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე  მუშაობა დაასრულა და ევროკავშირის მხარეს 2019 წლის 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე გადასცა, ასევე შეიმუშავა და ევროკავშირს გადასცა წინადადებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. 

„სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დეკემბრის დასაწყისში  ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა, სადაც გამოვედით ინიციატივით  დაფუძნდეს „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“  დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის გამოსვლაში საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციის აქტივობებებს. აღინიშნა  საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის და ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტები.  ასევე ხაზი გაესვა ბათუმში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტსა და ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადებას.

 „წლის განმავლობაში საქართველო, აქტიურად იყო წარმოდგენილი ნატოს მაღალი დონის  ღონისძიებებზე როგორც ლონდონში ასევე აშშ-ში. აღნიშნულ ღონისძიებებში ჩვენი მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ნატო-სთვის საქართველო ღირებული ასპირანტი ქვეყანაა  და  მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“ - აღნიშნა მინისტრმა. 

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტზე (Georgia Support Act), რომელიც  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთსულოვნად იქნა დამტკიცებული.

„ეს გახლავთ ორი ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში მიღებული,  თავისი შინაარსით უპრეცედენტო აქტი, რომელიც პირველი, ცალკე მდგომი დოკუმენტია საქართველოზე და საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას და უფრო მაღალ დონეზე აჰყავს ორი ქვეყნის პარტნიორობა“ -აღნიშნა ზალკალიანმა.
ევროპის სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე საუბრისას ხაზი გაესვა მიმდინარე წელს გამართულ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული პოლიტიკური დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრას  საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით და მიღებულ  ერთობლივი დეკლარაციას. აღინიშნა ფედერალური პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 22-წლიანი პაუზის შემდეგ განხორციელდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი, ისტორიული, ორმხრივი ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში. შედგა ასევე კვიპროსისა და უნგრეთის პრეზიდენტების პირველი ვიზიტები საქართველოში. საქართველოსთან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. 
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად მჭიდრო იყო თანამშრომლობა ვიშეგრადის სახელმწიფოებთან, ბალტიის ქვეყნებთან, კანადასთან და სხვა პარტნიორებთან რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილ საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს დაფუძნებელ შეთანხმებას.

წლის განმავლობაში დიდ ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, რა კუთხითაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში და უკრაინაში;  ასევე დაგეგმილ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალს.

„ამ სამი ქვეყნის წარმატებულმა თანამშრომლობამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი რეგიონის - როგორც საკვანძო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის პოზიციონირებისთვის.  ამ მხრივ, წლის აღსანიშნავი მოვლენა იყო ბუნებრივი აირის ტრანს-ანატოლიური მილსადენის პროექტის, TANAP-ის ოფიციალური გახსნა,  რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, ხოლო აღნიშნული აძლევს საქართველოს შესაძლებლობას მიიღოს როგორც პრაქტიკული სარგებელი ბუნებრივი აირის სახით, ასევე შეიძინოს დამატებითი დატვირთვა, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ“ -განაცხადა მინისტრმა.

ხაზი ასევე გაესვა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის მიერ  ბუქარესტში გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციას კასპია - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე და წარმატებით ჩატარებული „თბილისის აბრეშუმის გზის“ მესამე ფორუმს. 

საქართველოს ხელისუფლება ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა დიასპორასთან ურთიერთობებს.

 „ეს იყო 2019 წლის მიღწევების ძალიან მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა არის პრობლემებიც, რომელთა სწორი იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების ძიება წარმოადგენს ამბასადორიალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. გამოწვევების სიმრავლე კიდევ უფრო ზრდის თითოეული ჩვენგანის პროფესიულ პასუხისმგებლობას ეფექტიანად უზრუნველვყოთ  საგარეო პოლიტიკური მიზნების  განხორციელება, ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარება“- აღნიშნა მინისტრმა.