საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით
2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან.
საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს - მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.
თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მათ უპრეცედენტო პროვოკაციად შეაფასეს საოკუპაციო რეჟიმის აღნიშნული ქმედება და ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესრულების შესაძლებლობა.
ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, რაც ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, უარყოფითად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საცხოვრებელ პირობებზე და იწვევს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. განსაკუთრებულად აღინიშნა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე შედეგებს.
მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიზანმიმართული რუსიფიკაციის ნაწილი.
კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, რითაც უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გააქტიურებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები წარმოადგენს რუსეთის მიერ ძალის გამოყენებასა და მუქარას საქართველოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამავდროულად, შექმნის მდგრად საფუძველს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღნიშნული თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. თუმცა, რუსეთის დელეგაციის წაქეზებითა და თაოსნობით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელძღვანელს, ერიკ ჰოეგს, საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე „გლობალური ხედვა ძალის არგამოყენების კონცეფციასა და შესაბამის საიმპლემენტაციო ზომებზე“. საინფორმაციო სესიის ფარგლებში განხილულ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების მაგალითები.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი