2019 წლის 4-8 ნოემბერს, საქართველოს დელეგაციამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში გამართულ „დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის“ (Group on Earth Observations - GEO) კვირეულის პლენარულ სესიაში, მრგვალ მაგიდასა და მინისტერიალის სამიტში (GEO Week 2019 Ministerial Summit).
წლევანდელი კვირეულისა და მინისტერიალის სამიტის მასპინძელი იყო ავსტრალიის მთავრობა, კერძოდ კი, ავსტრალიის რესურსების მინისტრი, მეთიუ ქანავანი.
მინისტერიალის სამიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მოხსენება გააკეთა დედამიწაზე დაკვირვების სისტემების გლობალურ მნიშვნელობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებზე.
ღონისძიებების ფარგლებში, ზოგადად, განხილულ იქნა დედამიწაზე დაკვირვების სისტემებში მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული პროგრესი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების საფუძველზე, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი და სტიქიური მოვლენების პრევენციასა და ეფექტურ მართვას, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
„დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის“ (GEO) წევრი სახელმწიფოების მინისტრებისა და მაღალი დონის წარმომადგენლების მიერ მიღებულ იქნა კანბერის დეკლარაცია.