საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორული ინიციატივების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების შემოტანის ვადა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა 2 კვირით, 2019 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით  შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი. სამინისტრო,  ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა. 

პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, რომლისთვისაც  ბიუჯეტიდან 500.000 ლარის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge

შედეგად, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
-დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N2);
-საგრანტო წინადადება;
-ფოტოსურათი;
-CV ქართულ ენაზე;
-ID ბარათი, საქართველოს პასპორტი ან/და სამგზავრო დოკუმენტი; (საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა, ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-ორი სარეკომენდაციო წერილი;
-სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
-ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/ მომსახურების შესრულებას;
-გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
-დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
-შესრულების ვადას;
-მოსალოდნელ შედეგს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის  ამოცანაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები  თანამემამულეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, რაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახლავთ. წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინოს  საკუთარი იდეების რეალიზება.

დანართი N1 - საგრანტო პროგრამა "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა"
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა