საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

10.06.2019 ქ.თბილისი - 2019 წლის 10 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.
 
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი „არჩევნების“ გამართვა იმ პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია მკვიდრი ქართველი მოსახლეობა და რეგიონებს სრულად აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალა, არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, საერთაშორისო სამართლის თანახმად.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი შეეხო წინა რაუნდის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენებს, მათ შორის, რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებს, მიმდინარე მილიტარიზაციას და უკანონო სამხედრო წვრთნებს, ასევე საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს. დაისვა ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი.  
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის, მათ შორის, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ საგნობრივი დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.
 
ყურადღება ასევე გამახვილდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განახლების აუცილებლობაზე, რომელიც, ერთი წელია, შეჩერებულია რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის შედეგად.  
 
მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს, რომ დღემდე ვერ სრულდება მართლმსაჯულება  არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან შექმნილი დაბრკოლებების გამო. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების ფაქტს.
 
ლაშა დარსალიამ თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი მობილიზების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა.
 
ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.