საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტონგის მეფეს მის უდიდებულესობა ტუპოუ VI-ს

20.03.2019 ნუკუ’ალოფა, ტონგა - საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ტონგის მეფეს, მის უდიდებულესობა ტუპოუ VI-ს, რითაც იგი საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი გახდა ტონგაში (რეზიდენციით ქ. კანბერაში). რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია დღეს დილით, ნუკუ’ალოფაში, სამეფო სასახლეში შედგა. საქართველოს ელჩმა, ასევე, შეხვედრები გამართა ტონგის მთავრობის უმაღლეს პირებთან.

მის უდიდებულესობა ტუპოუ VI-თან აუდიენციაზე, გიორგი დოლიძემ ხაზი გაუსვა ქართული მხარის სურვილს ტონგასთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ერთიანი ფასეულობების კვალდაკვალ, რაგბისადმი გამორჩეული სიყვარული, ორივე ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს.

ტონგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამუელა აკილისი პოჰივასთან და ტონგის ჯანდაცვის მინისტრთან, საია პიუკალასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და მათი გაღრმავების გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის სფეროების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თანამშრომლობა სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, სამართლებრივი ბაზის განვითარება, ეკონომიკა, განათლება, სპორტი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და სხვა. ტონგის მხარეს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

თავის მხრივ, ტონგის პრემიერ-მინისტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ტონგის მხარის გამოკვეთილ სურვილს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ვიზიტისას, საქართველოს ელჩი ასევე საგარეო საქმეთა მუდმივ მდივანს, მაჰე ტუპოუნიუას შეხვდა. ამასთან, დაგეგმილია მისი შეხვედრები ტონგის სამეფოს პარლამენტის სპიკერთან, ლორდ ტუ’ილაკეპასთან და ქ. ნუკუ’ალოფაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.