საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

2019 წლის 22 თებერვალს ერთი წელი შესრულდა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება, წამება და სიცოცხლის ხელყოფა არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარებისა და ეთნიკური დევნის ნათელი მაგალითი. საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივი ძალისხმევით გატარდეს ქმედითი ზომები აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით.

საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში მუდმივად აყენებს არჩილ ტატუნაშვილის ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს. ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მოჰყვა უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურება.

ქართული მხარის/საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შემზღუდავი ზომები დააწესა ლიეტუვას მთავრობამ; ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი სანქციები დაუწესონ სიაში შესულ პირებს; ირლანდიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შესაბამისი შემზღუდავი ზომების დაწესებისკენ; აშშ-მა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას; კანადის პარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია რეკომენდაცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ სანქციები გაავრცელოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ბრალდებულ პირთა მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა შემზღუდავი ზომები დაუწესდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენციასა და დაუსჯელობის აღმოფხვრას.

კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გარდაცვლილის ხსოვნას და თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.