საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA 2-ის („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“) ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას დიასპორის ჩართულობის საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.
ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
- მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
- ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
- ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
- საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
- სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
- საქართველოს უცხოელი მეგობარი
კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ გადმოტვირთოთ ნომინაციის ფორმა.
გთხოვთ შევსებული ნომინაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: diaspora-awards@icmpd.org