საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ძლიერთა თამაშებში“ მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად ქ. სიდნეიში მიღება გაიმართა

2018 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ელჩის, გიორგი დოლიძის სახელით, „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად, ქ. სიდნეიში მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები, რომლებიც ავსტრალიაში საქართველოს გუნდის საგულშემატკივროდ არიან ჩამოსულები, ასევე ქ. სიდნეიში მცხოვრები თანამემამულეები.

 

მიღების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი კონტიგენტის მონაწილეობისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.

 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მოასპარეზეებს სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობისას გამოჩენილი შემართებისა და თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლების მოპოვება. მან მადლობა გადაუხადა „ძლიერთა თამაშების“ მოხალისეებს, ირაკლი ჩხენკელს და ნათია როსტომაშვილს ღონისძიების ფარგლებში ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აღმოჩენილი თავდაუზოგავი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.  ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს გუნდის გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

 

ქ. სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშები“ 27 ოქტომბერს დასრულდება. შეჯიბრების ფარგლებში, მჯდომარე ფრენბურთში მოასპარეზე ქართველ სამხედროთა გუნდმა, ფინალურ მატჩში გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხა და ორგზის ჩემპიონი გახდა.