2018 წლის 12 ივნისს, ქ. სუვაში, ფიჯის რესპუბლიკა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ფიჯის რესპუბლიკაში და ფიჯიზე საქართველოს საპატიო კონსულის, ჰიმატ ლოდიას ორგანიზებით ჩატარდა. მიღებას ესწრებოდნენ ფიჯის რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების, პარლამენტის, მას-მედიის, ბიზნეს წრეებისა და ქ. სუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. ღონისძიებას, ასევე, დაესწრო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, რომელიც ამ პერიოდში ფიჯიზე სატესტო მატჩებს მართავს.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ. თავის გამოსვლაში, გიორგი დოლიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობასა და ქვეყნის ისტორიაზე ისაუბრა. იგი, ასევე, შეეხო დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას და ქვეყნის მიღწევებს. გიორგი დოლიძემ მადლობა გადაუხადა ფიჯის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ერთიანი ფასეულობების მქონე ქვეყნების თანადგომის მნიშვნელობას. ელჩმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მორაგბეებს საქართველოს წარმოჩენისთვის და აღნიშნა, რომ ისინი, მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც რაგბი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო დესპანები არიან.