2018 წლის 20 მარტს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორს, მ.ა. სერ ფრენკ ოფაგიორო კაბუის. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. ჰონიარაში მთავრობის სახლში გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, მილნერ ტოზაკა და საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ლალი ლომსაძე ესწრებოდნენ.
რწმუნებათა სიგელების გადაცემიის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვაში, გიორგი დოლიძემ ხაზი გაუსვა საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობას და მადლობა გადაუხადა სოლომონის კუნძულებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ის, ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორმა, თავისი ქვეყნის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა დააფიქსირა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს განვითარების სფეროში სოლომონის კუნძულებისთვის გაწეული დახმარებისთვის.