2013 წლის 12 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში, საქართველომ და ვანუატუს რესპუბლიკამ დაამყარეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები. ვანუატუს რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა გაეროსთან ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დონალდ კალპოკასმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - გაეროსთან საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
ოქმში ხაზგასმულია, რომ "ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით". აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ვანუატუს გადაწყვეტილებას, საბოლოოდ დაუსვას წერტილი საკითხის ირგვლივ მანამდე არსებულ გაუგებრობას და წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის ცალსახა დადასტურებას.
საქართველო მიესალმება ვანუატუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და გამოთქვამს იმედს, რომ ვანუატუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება ოკეანეთის რეგიონის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები.