საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დ. მედვედევის 2013 წლის 13 აგვისტოს განკარგულებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2013 წლის 13 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დ. მედვედევის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე „ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას".

მსგავსი ქმედება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი „შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.