ა.წ. 21-22 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ კონსტანტინიდი (რეზიდენციით ქ. კანბერაში), სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში.
ვიზიტის ფარგლებში, 21 ნოემბერს, ელჩი სიტყვით გამოვიდა ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის კომიტეტის წინაშე. კომიტეტის წევრებს წარედგინათ სპეციალური პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, რუსეთთან ურთიერთობების, საქართველოს და რეგიონის კონფლიქტების, აგვისტოს ომის და მისი შედეგების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარებისა და მთავრობის ძალისხმევის, არაღიარების პოლიტიკის, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების და საგარეო კურსის პრიორიტეტების, ახალ ზელანდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ. ელჩის გამოსვლა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტის წევრთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რუსეთის ქმედებებმა, საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა დეპორტაციამ და ეკონომიკურმა ემბარგომ, კონფლიქტის მიზეზებმა და მისი დარეგულირების, ასევე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გადადგმულმა ნაბიჯებმა და პერსპექტივებმა.
დისკუსიის დასასრულს, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ ჰეისმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ზელანდია კვლავაც საკმარის ძალისხმევას მიმართავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.
22 ნოემბერს ელჩი ვლადიმერ კონსტანტინიდი შეხვდა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს იან ჰილს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივებს, მოახლოებულ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინს და უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე დეკემბრის თვეში, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.