2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა «რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების» პროექტი. როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე-ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას.
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს უკავშირდება, ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ რუსეთს ნდობის აღდგენის მიზნით ახალი ორმხრივი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამ პოლიტიკის რეალიზაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენი აზრით, ეს პროცესი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის, საქართველო მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად, გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილზე დარჩენილ აფხაზეთის, საქართველო მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას.