საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას, მოუწოდებს რუსეთის  ფედერაციას მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოში, გამოვიყენებთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ბერკეტს იმისათვის,რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს.