ა.წ. 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ვლადიმერ კონსტანტინიდი სპეციალური მოხსენებით წარსდგა ავსტრალიის პარლამენტის თავდაცვის, საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მუდმივმოქმედი კომიტეტის წინაშე.
ელჩის გამოსვლა შეეხო 90-იანი წლებიდან დღემდე, რუსეთის მიერ პროვოცირებულ სეპარატისტულ მოძრაობას, შეიარაღებული კონფლიქტის და ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღას, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დევნილად აქცია საკუთარ ქვეყანაში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების შედეგად, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას.
გამოსვლის პარალელურად, თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებს წარედგინათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული კვარტალური ანგარიშების და სხვადასხვა ინსტრუქციის საფუძველზე, საელჩოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის და ბოლო თვეებში, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო დამონტაჟების ფაქტების შესახებ.
განსაკუთრებული ინტერესი და ემოციური შეფასებები მოჰყვა საქართველოს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ მდგომარეობას ასახავს.