2022 წლის 11 აპრილს საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-3 რაუნდი ჩატარდა.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ახალი ზელანდიის მხრიდან - ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მდივნის მოადგილე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში, რობ ტეილორი.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ურთიერთობების განვითარებას ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით, ასევე პარლამენტებს შორის კონტაქტების გაღრმავების საკითხებს. ახალი ზელანდიის საგარეო უწყების წარმომადგენელს ასევე ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ბოლო ნაბიჯების შესახებ.
ქართულმა მხარემ ახალი ზელანდიის საგარეო უწყებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობის მიერ გაღებული ძალისხმევის შესახებ. თავის მხრივ, ახალ ზელანდიურმა მხარემ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და მის შედეგებზე. მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად დაგმეს რუსეთის ფედერაციის შეჭრა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს სამხრეთ კავკასიის, ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის განსაკუთრებული მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების სურვილი.