ინფორმაცია 2024 წლის „წლის საუკეთესო ქართველი ავსტრალიაში“ ჯილდოს გადაცემის შესახებ
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ, 2022 წლიდან დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ქ. სიდნეიში მოღვაწე თანამემამულეს ბექა ზაქაიძეს 2024 წლის ბოლოს გადასცა გარდამავალი პრიზი „წლის საუკეთესო ქართველი ავსტრალიაში“.
ამ გარდამავალი პრიზით, საქართველოს საელჩო ყოველწლიურად აჯილდოვებს ავსტრალიაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველს, წლის განმავლობაში მისი მიღწევების, დიასპორის საკითხებში თანადგომის და საელჩოს ჩართულობით ორგანიზებულ ღონისძიებებში შეტანილი წვლილისთვის.
2024 წელს დაჯილდოებული ბექა ზაქაიძე არის ქართული ღვინის და საქართველოში წარმოებული სხვა პროდუქციის ავსტრალიაში იმპორტიორი კომპანია „თამადა“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მრავალი წლის განმავლობაში, იგი ჩართულია საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ქართული პროდუქტის არა მარტო ავსტრალიაში იმპორტის, არამედ ქართული პროდუქციის ავსტრალიაში აქტიური პოპულარიზაციის პროცესში.