11.09.2016 თბილისი - დღეს, 2016 წლის 11 სექტემბერს, გავიდა 15 წელი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც 3,000-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული ქმედითი ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, ტერორიზმი დღესაც უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ხაზს უსვამს მასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, და კვლავაც განაგრძობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.