7.09.2016 თბილისი - ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მზაობაზე . სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ვარშავის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ახალი ინიციატივების განხორციელების გეგმები.
წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. განსაკუთრებულად აღინიშნა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, რაც თავის მხრივ აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან.
სხდომაზე ნატო-ს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლების მიმართულებით კონკრეტული დახმარების გამოყოფის თაობაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ნატო-ში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის დაწყებამდე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის და ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი.
გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, მათ შორის ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ამ კონტექსტში სავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
„კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მრავალ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს. ასევე განვიხილავთ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს. ყოვლისმომცველი პაკეტი 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე შემუშავდა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რომელიც გასულ ივლისს გაიმართა. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება" - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის არჩევანს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განხორციელებისათვის.
„ეს შეხვედრა არის ნატო-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორცილებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატო-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უაღრესად წარმატებულად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით, რის დასტურადაც მოიყვანა ორი წარმატებული პროექტი - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში შავი ზღვის რეგიონის განსაკუთრებულ როლს.
„ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების თაობაზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე" - განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.