2018 წლის 13 მარტს, საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება გენერალ-მაიორ ჯიოჯი კონუსი კონროტეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ქ. სუვაში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა და მას ფიჯის რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე, ელჩის მეუღლე, საქართველოს საელჩოს მრჩეველი და ფიჯიზე საქართველოს საპატიო კონსული, ჰიმატ ლოდია ესწრებოდნენ.
ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და დადებითად შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების სურვილი. ფიჯის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ქვეყნის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანაში რაგბისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქვეყნებს შორის დაახლოების დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.