ავსტრალიის მთავრობის 2020 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) კრიზისის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა რეგულაციებში ავსტრალიის დროებითი ვიზების საფუძველზე ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
მუშაობის უფლების მქონე ავსტრალიის დროებითი ვიზების (temporary visa holders with work rights) საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას, ამიერიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ ავსტრალიის სამთავრობო საპენსიო ფონდში (superannuation) დაგროვილი თანხებით.
უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად ავსტრალიაში დროებითი ვიზების საფუძველზე იმყოფებიან და თავად ვერ უზრუნველყოფენ ფინანსურ კეთილდღეობას, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში.
ხსენებული მოწოდება არ ეხებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პუნქტებში (მაგალითად, ჯანდაცვის სფერო, ფერმები) დასაქმებულ დროებითი ვიზების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
ცვლილებები შეეხება ავსტრალიის დროებითი ვიზების შემდეგ კატეგორიებს:
ვიზიტორის ვიზა (მაქსიმუმ სამი თვის ვადით)
ხსენებული კატეგორიის ვიზების მფლობელებმა, ძირითადად ტურისტებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ავსტრალიის ტერიტორია.
სტუდენტური ვიზა
უცხოელმა სტუდენტებმა, კორონავირუსის კრიზისის პერიოდში, ავსტრალიაში დარჩენისთვის, უნდა შეძლონ საკუთარი თავის უზრუნველყოფა ოჯახებიდან მიღებული დახმარებით, ნახევარგანაკვეთიანი სამსახურით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან საკუთარი დანაზოგით.
ხსენებული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ავსტრალიის მთავრობა მოუწოდებს უცხოელ სტუდენტებს განიხილონ საკუთარ ქვეყნებში დროებით დაბრუნების შესაძლებლობა.
დროებითი სამუშაო ვიზა (Temporary Skilled Visa)
ავსტრალიის დროებითი სამუშაო ვიზის საფუძველზე მყოფ უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა სამუშაო დამსაქმებლის მიერ კორონავირუსის გამო დროებით შეჩერდა (არ იქნა დათხოვილი სამსახურიდან), საშუალება მიეცემათ აქამდე არსებული რეგულაციებით გააგრძელონ საკუთარი ვიზები. აღნიშნული ვიზების მფლობელებს, მიმდინარე წელს, ასევე, წვდომა ექნებათ საპენსიო ფონდის საკუთარ თანხებთან 10.000 ავსტრალიურ დოლარამდე.
ავსტრალიის დროებითი სამუშაო ვიზის საფუძველზე მყოფმა უცხოეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო დათხოვნილ იქნენ სამსახურებიდან, 60 დღის განმავლობაში უნდა მოძებნონ ახალი დამსაქმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ავსტრალიის დატოვება.
Working Holiday Visa
ხსენებული კატეგორიის ვიზის საფუძველზე ავსტრალიაში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დროებით დასაქმებულები არიან სასიცოცხლო მნიშვნელობის პუნქტებში (მაგალითად, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა), 6 თვეზე მეტ ხანს მიეცემათ მუშაობის უფლება და შესაბამისად, გაუგრძელდებათ ვიზებიც.
ხსენებული კატეგორიის მფლობელ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავად ვერ შეძლებენ ფინანსურ უზრუნველყოფას, მოუწევთ ავსტრალიის დატოვება.
რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია:
https://minister.homeaffairs.gov.au/davidcoleman/Pages/Coronavirus-and-Temporary-Visa-holders.aspx
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავსტრალიის მთავრობის ზემოხსენებული რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს, შესაბამისად, მოგიწოდებთ, თვალყური ადევნოთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ სიახლეებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://covid19.homeaffairs.gov.au/
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219