COVID-19 კრიზისის დაძლევის მიზნით, ახალ ზელანდიაში დღეს, 25 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება (გაგრძელების პერსპექტივით). საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანაში, განგაშის მე-4 დონის გამოცხადებას, ანუ სრულ იზოლაციას ემთხვევა, რის რეჟიმშიც ქვეყანა დღეს ღამე გადადის.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მთავრობის მიერ გამოცხადებულ რეგულაციებს ახალ ზელანდიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და ამ დრომდე არ გააჩნიათ დასარჩენი ადგილი, დღეს, ღამის 12 საათამდე უნდა მოაგვარონ დაბინავების პრობლემა, რათა შეასრულონ განგაშის მეოთხე დონით დაკისრებული ვალდებულებები. ამგვარი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გამოიყო სპეციალური, „დროებითი განთავსების სამსახური“, რომელიც მოქალაქეებს თვითიზოლაციისათვის დროებითი ადგილის პოვნაში დაეხმარება, ტელ: 0508 754 163.
ახალ ზელანდიაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ დროებითი ვიზები, საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდის https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response საშუალებით შეუძლიათ გაიგრძელონ ვიზები:
- მგზავრებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ ახალი ზელანდიის დატოვებას და რომელთა დროებითი ვიზების (სამუშაო, სტუდენტური, ვიზიტორის, შუალედური და შეზღუდული) ვადა 2020 წლის 1 აპრილამდე იწურება, დაუყოვნებლივ უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ვიზების გასაგრძელებლად. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მათზე გაიცემა შუალედური ვიზა.
- მგზავრების დროებითი ვიზები, რომლებსაც ვადა 2020 წლის 1 აპრილიდან 9 ივლისის შუალედში გასდით, გაგრძელდება მ/წლის სექტემბრის ბოლომდე. ვიზის გაგრძელების შესახებ დასტურს ყველა მფლობელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, იხილეთ:
https://covid19.govt.nz/
https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219