საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიქტორიის შტატში და ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!

ვიქტორიის შტატის და ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის მთავრობების გადაწყვეტილებით, COVID-19 მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტის შუადღიდან, ხსენებულ შტატსა და ტერიტორიაზე 4 კვირის განმავლობაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ და თვალყური ადევნოთ ადგილობრივი ოფიციალური უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219

არსებული მდგომარეობა

ვიქტორიის შტატი:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ვიქტორიის შტატის ჯანდაცვის მთავარ ოფიცერს გაფართოებული უფლებამოსილება ეძლევა შტატის მასშტაბით, COVID-19 მასობრივი გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

 

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს:

-         ავსტრალიაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნებისმიერი პირის მიერ 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი დამსჯელი ღონისძიებების გატარებას (მაგალითად, ფულადი ჯარიმის დაწესებას 20 ათას ავსტრალიურ დოლარამდე);

-         მასობრივი თავშეყრის ადგილების შეზღუდვას (იგულისხმება მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები 500 პირზე მეტის მონაწილეობით);

-         სასწავლო დაწესებულებებში, ანუ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შეზღუდვას. ამგვარ ღონისძიებებში მოიაზრება ე.წ. assemblies და საჯარო ლექციები;  

-         საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა დაკავებას და გადაადგილების შეზღუდვას.

 

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

-         სასურსათო მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სამსახურების დახურვას;

-         სასწავლო დაწესებულებების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვას;

-         საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას;

 

ვიქტორიის შტატის პრემიერის განცხადებით, 4 კვირიანი საგანგებო მდგომარეობა, სამომავლოდ, არ გამორიცხავს შეზღუდვების გაფართოებას (მაგალითად, ეპიდემიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში ქ. მელბურნის ზოგიერთი უბნის კარანტინში ჩასმა და სხვა).

 

დამატებითი ინფორმაცია:

https://www.premier.vic.gov.au/state-of-emergency-declared-in-victoria-over-covid-19/

  

 

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია (ქ. კანბერა):

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე 16 მარტის შუადღიდან გამოცხადებულია ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიის ჯანდაცვის მთავარ ოფიცერს გაფართოებული უფლებამოსილება ეძლევა, ტერიტორიაზე COVID-19 მასობრივი გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

 

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს:

-         ავსტრალიაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნებისმიერი პირის მიერ 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი დამსჯელი ღონისძიებების გატარებას (მაგალითად, ფულადი ჯარიმის დაწესებას 8 ათას ავსტრალიურ დოლარამდე);

-         მასობრივი თავშეყრის ადგილების შეზღუდვას (იგულისხმება მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები 500 პირზე მეტის მონაწილეობით);

-         სასწავლო დაწესებულებებში, ანუ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შეზღუდვას. ამგვარ ღონისძიებებში მოიაზრება ე.წ. assemblies და საჯარო ლექციები, სასკოლო ექსკურსიები და ბანაკები;  

 

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

-         სასურსათო მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სამსახურების დახურვას;

-         სასწავლო დაწესებულებების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვას;

-         საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას;

 

დამატებითი ინფორმაცია:

https://health.act.gov.au/public-health-alert/updated-information-about-covid-19