2019 წლის 24-27 სექტემბერს, საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ახალ ზელანდიაში.
ვიზიტის ფარგლებში, 25 სექტემბერს, „ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში“ (New Zealand Institute of International Affairs) საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია შედგა. ღონისძიება ვიქტორიის უნივერსიტეტში გაიმართა და მას ადგილობრივი აკადემიური წრეების, სამთავრობო უწყებების, ქ. ველინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
გამოსვლაში, გიორგი დოლიძემ მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევები და მის წინაშე მდგომი გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო რეჟიმების მიერ წარმოებულ არაკანონიერ და პროვოკაციულ ქმედებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.