საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ბელგიასა და ევროკავშირში ტუვალუს ელჩს შეხვდა

20.06.2019 თბილისი - 2019 წლის 20 ივნისს, საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ბელგიასა და ევროკავშირში ტუვალუს ელჩს, აუნესე მაკოი სიმატის შეხვდა.

საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ტუვალუს შორის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის დინამიკა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არაღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო არენაზე მისი შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას.

თავის მხრივ, აუნესე მაკოი სიმატიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტუვალუს ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის  გაგრძელებაზე.