საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2019 წლის 6 ივნისს, კანბერის სახელგანთქმულ „თანამეგობრობის კლუბში“, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და თანამემამულეები.

ღონისძიებაზე მისალოცი სადღეგრძელოები წარმოთქვეს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსმა, ლინდალ საქსმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა გიორგი დოლიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავზე. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს განვითარებას და თანამედროვე, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. გამოსვლაში ელჩი, ასევე, შეეხო საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის თემას, ქართული მეღვინეობის  მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და მრავალხმიან სიმღერაზე ხაზგასმით. გიორგი დოლიძემ საქართველო-ავსტრალიის მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა ავსტრალიურ მხარეს საქართველოს  გამორჩეული მხარდაჭერისთვის.

ღონისძიება  ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ხალხური  სიმღერები ქ. კანბერის ავსტრალიელებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა გუნდმა - “Worldly Goods” შეასრულა.

საზეიმო მიღებაზე, სტუმრებს, ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების თანა-სპონსორი იყო კომპანია „თამადა“, რომელსაც ავსტრალიაში ქართული ღვინო და სხვა კვების პროდუქცია შემოაქვს.