საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი ფიჯის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი ფიჯის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. კანბერა), გიორგი დოლიძე ქ. სუვაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით. 6 მარტს, გიორგი დოლიძემ შეხვედრა გამართა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან, იოანე ნაივალურუასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფიჯის შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და შემდგომში მათი გაღრმავების გზები. იოანე ნაივალურუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ფიჯის მხარის გამოკვეთილი ინტერესი  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებების გაფორმების მოლაპარაკებათა პროცესის დასრულება, რომელსაც ხელი ხვალ, ქ. სუვაში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მოეწერება.  

2019 წლის 7-8 მარტს, ფიჯის რესპუბლიკის დედაქალაქ სუვაში საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ფიჯიში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უხელმძღვანელებს.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რეპუბლიკის მთავრობებს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის, ასევე ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმებებს.