2018 წლის 8-13 ოქტომბერს ვანუატუში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ვანუატუს რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ბობ ლაუგმანთან; პარლამენტის სპიკერთან, ესმონ საიმონთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ალფრედ მაოჰთან.
ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმვების საკითხები, ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ორმხრივი ვიზიტების დინამიკის შენარჩუნება და კიდევ უფრო გააქტიურება, სამართლებრივი ბაზის განვითარება, პარლამენტშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სხვა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხზე. ვანუატუს ოფიციალურმა პირებმა, ყველა დონეზე, კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერა.
2013 წელს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება.
საქართველოს ელჩი, ასევე, შეხვდა ვანუატუში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უმაღლეს კომისრებს და საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.