საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ვანუატუს სახელმწიფო მეთაურს

2018 წლის 8-13 ოქტომბერს საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ოფიციალური ვიზიტით  იმყოფება ვანუატუს რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მის აღმატებულება ესმონ საიმონს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. პორტ ვილაში, სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვაში, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც პროგრესულად ვითარდება.

თავის მხრივ, ბატონმა ესმონ საიმონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ვანუატუს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, ასევე, შეხვედრებს გამართავს ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ელჩი, ასევე, შეხვდება ქ. პორტ ვილაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.