18 ივნისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელიც ასევე აკრედიტებულია ახალ ზელანდიასა და სამოაში, რწმუნებათა სიგელი გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეპელი ნაილატიკაუს.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა პროტოკოლით გათვალისწინებული პირისპირ შეხვედრა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონულ დონეზე ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ფიჯის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გააქტიურების იმედი გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ოფიციალური შეხვედრები გამართა მთავრობისა და ფიჯის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.