საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების ფორუმის 44-ე სამიტში მონაწილეობის შესახებ

2013 წლის 3-6 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების ფორუმის 44-ე სამიტში, რომელიც გაიმართა მარშალის კუნძულების დედაქალაქ მაჯუროში.

აღნიშნული ღონისძიება, რომელშიც ქართული მხარე პირველად მონაწილეობდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს მიერ ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს განეკუთვნება.

სამიტის ფარგლებში, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ოკეანეთის სახელმწიფოების ოფიციალურ დელეგაციებთან და ფორუმის გენერალურ მდივანთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების საკითხები და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრებისას ქართულ მხარეს საშუალება ჰქონდა ოკეანეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია საქართველოში განვითარებული დემოკრატიული პროცესების, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ოკეანეთის სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, რათა გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების კუთხით, ასევე, მონაწილე ქვეყნებმა კლავ დაადასტურეს თავიანთი ურყევი პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა პარტნიორი ქვეყნების, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, ასევე ევროკავშირის დელეგაციებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის გლობალურ არენაზე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება და სხვა აქტუალური საკითხები.