2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, დევიდ ჰარლის. საზეიმო ცერემონია გაიმართა კანბერაში, სამთავრობო რეზიდენციაში და ელჩთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს მეუღლემ ნინო ლეჟავამ, ასევე, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს დიპლომატებმა.
გენერალ-გუბერნატორთან შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ავსტრალია-საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბრისას, ორივე მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს და ავსტრალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე.