საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ავსტრალიის ეროვნული კაბინეტის 8 მაისის გადაწყვეტილებით, ფედერალურ დონეზე მიღებულ იქნა კორონავირუსის (COVID-19) შეზღუდვების შემსუბუქების 3 ეტაპიანი გეგმა (Roadmap to a COVIDSafe Australia).

3 ეტაპიანი გეგმის/გზამკვლევის მთავარ მიზანს მიმდინარე წლის ივლისამდე ავსტრალიის ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობის სამუშაო ადგილებზე დაბრუნება წარმოადგენს.

შეზღუდვების შემსუბუქების ფედერალური გეგმის მიხედვით

პირველ ეტაპზე:

  • მოქალაქეებს მოეთხოვებათ ფიზიკური დისტანციის დაცვა;
  • გაფართოებულია ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონახულების წრე;
  • ნებადართულია 5 პირის სახლში სტუმრობა, ხოლო ღია სივრცეში 10 პირის შეკრება;
  • ნებადართულია ღია სივრცეში 30-მდე პირის დაკრძალვაზე, ხოლო 10-მდე პირის ქორწილზე დასწრება;
  • რეკომენდირებულია სახლიდან მუშაობა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
  • გახსნილია საჯარო დაწესებულებები, მათ შორის, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, ბიბლიოთეკები, სათამაშო მოედნები;
  • ნებადართულია ადგილობრივი და რეგიონული (შტატის ან ტერიტორიის შიგნით) მოგზაურობა/დასვენება.


მეორე ეტაპზე:

  • მოქალაქეებს მოეთხოვებათ ფიზიკური დისტანციის დაცვა;
  • ამუშავებულია ბიზნესების უმრავლესობა, თუმცა ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით;
  • კვლავ რეკომენდირებულია სახლიდან მუშაობა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
  • ნებადართულია 20 პირის შეკრება;
  • გახსნილია სავარჯიშო დარბაზები, კინო დარბაზები, მუზეუმები და გალერეები;
  • ნებადართულია გარკვეულ შტატებს შორის მოგზაურობა. 

 

მესამე ეტაპზე:

  • მოქალაქეებს მოეთხოვებათ ფიზიკური დისტანციის დაცვა;
  • ხალხი უბრუნდება სამუშაო ადგილებს;
  • ნებადართულია 100 პირის შეკრება;
  • გახსნილია ბარები და პაბები;
  • ნებადართულია შტატებს შორის მოგზაურობა;
  • შესაძლებელია განხილულ იქნას ტრანს-ტასმანიური (ავსტრალია-ახალი ზელანდია) და წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებთან საერთაშირისო მოგზაურობის აღდგენა, ასევე, უცხოელი სტუდენტების მიღება.  

 

შეზღუდვების შემსუბუქების 3 ეტაპიანი გეგმის მიმდინარეობას, ავსტრალიის ეროვნული კაბინეტი ყოველ სამ კვირაში გადახედავს, თუმცა ქვეყნის თითოეული შტატი და ტერიტორია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტულად როდის დაიწყება და რამდენ ხანს შენარჩუნდება გეგმაში გათვალისწინებული ესა თუ ის ეტაპი. შტატები და ტერიტორიები, ასევე, თავად გასაზღვრავენ გზამკვლევში ცვლილებების შეტანის საჭიროებასაც, მაგალითად, ქორწილებზე დამსწრე პირების რაოდენობის გაზრდა და სხვა. 

ავსტრალიის შტატებისა და ტერიტორიების მიერ COVID-19 დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

  • ახალი სამხრეთ უელსის შტატი (NSW) - https://www.nsw.gov.au/covid-19
  • ვიქტორიის შტატი (VIC)https://www.dhhs.vic.gov.au/coronavirus-covid-19-daily-update
  • ქუინსლენდის შტატი (QLD) -  შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი 16 მაისს დაიწყება, მეორე ეტაპზე შტატი, სავარაუდოდ, 12 ივნისს გადავა, ხოლო მესამეზე - 10 ივლისს. https://www.covid19.qld.gov.au/government-actions/roadmap-to-easing-queenslands-restrictions
  • სამხრეთ ავსტრალიის შტატი (SA) – შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპის განხორციელება შტატში 11 მაისს დაიწყება, ხოლო მეორე ეტაპის, სავარაუდოდ, 8 ივნისს.   https://southaustralia.com/alerts/covid-19
  • დასავლეთ ავსტრალია (WA) - https://www.wa.gov.au/government/covid-19-coronavirus
  • ტასმანია (TAS) - შტატი შეზღუდვების შემსუბუქებას მომავალი ორშაბათიდან,  11 მაისიდან დაიწყებს, ხოლო შემდეგი ეტაპები 18 და 25 მაისს განხორციელდება.  https://coronavirus.tas.gov.au/
  • ჩრდილოეთის ტერიტორია (NT) - https://coronavirus.nt.gov.au/steps-to-restart/roadmap-new-normal
  • ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია (ACT) - 8 მაისის ღამეს, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაშიც, რაც, ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით 10 პირის შეკრების დაშვებას გულისხმობს  https://www.covid19.act.gov.au/

 

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ავსტრალიის მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს. გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219