საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ფიჯის რესპუბლიკაში

2021 წლის 6-11 დეკემბერს ფიჯის რესპუბლიკაში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ფიჯის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, აიაზ საიად ხაიუმთან; განათლების, მემკვიდრეობისა და ხელოვნების მინისტრთან, პრემილა კუმართან; საგარეო საქმეთა სამინისტრის მოქმედ მუდმივ მდივანთან, ესალა ნაიასისთან.

ფიჯის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების, ისევე როგორც  COVID-19 პანდემიის პირობებში ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხზე. ფიჯის რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა, ყველა დონეზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინიციატივებისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი დოლიძემ შეხვედრები ასევე გამართა ფიჯის რესპუბლიკაში ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-ების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ტუვალუს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან და  წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის (PIF) მოქმედ გენერალურ მდივანთან, დოქ. ფილიმონ მანონისთან.